სამყაროში კარგი ამბები ხდება
ჩვენი მორიგი “გამარჯვების ისტორიის” სუპერგმირი ეკატერინე (კატო) ლიპარტელიანია
კატო სამი წლის იყო მაღალი სიცხეებით ციციშვილის კლინიკაში რომ მოხვდა. მაშინ ჩვენს გოგოს მარცხენა თირკმლის რეფლუქსზე დაუწყეს მკურნალობა. მშობლებს ეგრევე საზღვარგარეთ უნდოდათ კატოს წაყვანა, მაგრამ იმედი მისცეს ანტიბიოტიკებით აულაგდებაო. ანტიბიოტიკებს ორი თვე იღებდა ჩვენი გოგო.. თებერვალში მაღალი სიცხეებით ისევ კლინიკაში მოხვდა კატო და ეხოსკოპიაზე უთხრეს, რომ ბავშვს წანაზარდები ჰქონდა ორგანოებზე.
სიტყვა ონკოლოგის გაგონებაზე, მშობლებმა კატო ეგრევე ესპანეთში, ქ. ბარსელონაში წაიყვანეს. ესპანეთში ოჯახს უთხრეს, რომ ზედმეტი რაოდენობის ანტიბიოტიკებმა დამცავის გარეშე მოუკლა ბავშვს იმუნიტეტი და უცხო სხეულის შეჭრის შემდეგ ორგანიზმა ვერ იბრძოლა…
დიაგნოზი დაისვა – ავთვისებიანი სიმსივნე – ლიმფომა, ბოლო სტადია.. სიმსივნე ყველგან იყო მოდებული, ზურგის ტვინშიც. ურთულესი 6 თვიანი აგრესიული ქიმიების კურსი ჩაიტარა კატომ ბარსელონაში, სან ხუანის კლინიკაში. ერთი წლის თავზე კი, დადგა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საჭიროება
2020 წლის ოქტომბერში გადანერგვა გაკეთდა, კატოს დონორი მისი ძამიკო გახდა. მას შემდეგ უკვე 10 თვეა გასული, კატო დაცვით თერაპიაზე და მუდმივ კონტროლზეა ნელ-ნელა წამლების რაოდენობაც იკლებს..
კატოს დედიკო ურჩევს ყველა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მშობლებს: “საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაფერს შევძლებთ. არასოდეს დაყაროთ ფარხმალი, რადგან რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმერთის მიერ. მე ამ რწმენამ მომიყვანა დღემდე. ასევე, არ მინდა დედები თავს ვიდანაშაულებდეთ, ღვთის ნების გარეშე თმის ღერი არ ჩამოგვივარდება. თუ ეს განსაცდელი დაგვატყდა თავს, ესეიგი გაძლებაც შეგვიძლია.”
